English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ რევაზ ჯავახიშვილი
ადამიანისეული კაპიტალი იაპონიის ეკონომიკაში

რეზიუმე

ადამიანისეული კაპიტალი წარმოადგენს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების მთავარ ფაქტორსა და მამოძრავებელ ძალას, რომლის გამოყენებით განვითარებულმა ქვეყნებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს ეკონომიკური გარდაქმნებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში. სტატიაში გაანალიზებულია იაპონიაში ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებასა და მართვაში მიღწეული წარმატებები და დაგროვილი მდიდარი გამოცდილება, რამაც არსებითი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკურ გარდაქმნებსა და ახალი ეკონომიკის ფორმირებაში. მასში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული განათლებისა და მეცნიერების, მოსახლეობის ჯანდაცვის განვითარებაზე და ამ მიზნით განხორციელებულ ინვესტიციებზე, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანისეული კაპიტალის ზრდა და მისი გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება რამაც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის სოციალური ყოფის არსებითი გაუმჯობესება.

საკვანძო სიტყვები: ადამიანისეული კაპიტალი, განათლება, ცოდნა, ინტელექტი, ინვესტიციები, ჯანდაცვა, სამედიცინო დაზღვევა, მართვის მოდელი.

შესავალი

თანამედროვე პირობებში ადამიანი წარმოადგენს ძირითად ეკონომიკურ რესურსსა და საზოგადოებრივი პროცესის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს. გასული საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში მომხდარმა რადიკალურმა ძვრებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის ადგილი და როლი საზოგადოებრივი წარმოების განვითარებაში. იგი კვლავაც რჩება ერთადერთ აქტიურ საწყისად და მწარმოებლურ ძალად საზოგადოებრივ საწარმოო-ეკონომიკურ კომბინაციაში, რომელიც გვევლინება არა მხოლოდ მწარმოებლური შრომის ობიექტად, არამედ შემოქმედებითი შრომის უნარის მქონე ცოდნის მწარმოებლის ფაქტორად, რომელსაც, იმავდროულად, გააჩნია მრავალფეროვანი მოთხოვნილებების ფართო სპექტრი.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა გადამწყვეტი როლი მიანიჭა ადამიანს ცოდნის შექმნაში, რაშიც დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ინფორმაციულმა და კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა. ამ ფონზე ძალზე აქტუალური ხდება ადამიანისეული კაპიტალის, როგორც ეკონომიკური კატეგორიის, ადგილისა და როლის გარკვევა საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში.

მსოფლიოს განვითარებული სამყაროს ქვეყნებმა ადამიანისეული კაპიტალის გამოყენებით არნახულ წარმატებებს მიაღწიეს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების გზაზე. სტატიაში გაანალიზებულია იაპონიაში ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებისა და მართვის სფეროში მიღწეული წარმატებები და დაგროვილი მდიდარი გამოცდილება, რომლის გაზიარებას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომლებიც ახლა გადადიან ადამიანისეული კაპიტალის კონცეფციაზე დაფუძნებულ ახალ ეკონომიკაზე.

* * *

იაპონია კლასიკური მაგალითია ქვეყნისა, რომელმაც ადამიანისეული კაპიტალის კონცეფციაზე დაფუძნებული თანმიმდევრული ეკონომიკური გარდაქმნების საფუძველზე, მწირი ბუნებრივი რესურსების პირობებსა და ისტორიულად მოკლე პერიოდში, შეძლო ეკონომიკური ჩამორჩენილობის დაძლევა და მოწინავე განვითარებული ქვეყნების რიგში ჩადგომა. იაპონია აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზაზე იძულებული იყო XIX-XX საუკუნეებში დასდგომოდა მილიტარიზმისა და კოლონიური იმპერიალიზმის გზას, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ მან დაკარგა ამ გზით განვითარების ყოველგვარი შანსი, რის გამოც გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მეცნიერებატევადი დარგების, მაღალი ტექნოლოგიებისა და ადამიანისეული კაპიტალის სწრაფი განვითარება ქვეყნისთვის უალტერნატივო აუცილებლობად იქცა.

ადამიანისეული კაპიტალის განვითარების დონის ერთ-ერთი მაჩვენებელია ადამიანის განვითარების ინდექსი, რომელიც გაიანგარიშება ცხოვრების დონის, ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობისა და განათლების ხელმისაწვდომობის დონის ინდექსების საფუძველზე. ამ მაჩვენებლის მიხედვით ამჟამად მსოფლიოში ლიდერი ქვეყნებია ნორვეგია (0,953), შვეიცარია (0,944), ირლანდია (0,938), გერმანია (0,938). იაპონიას კი ამ მხრივ უკავია მე-19 (0,909), საქართველოს (0,780) 70-ე, აზერბაიჯანს (0,757) მე-80, ხოლო სომხეთს (0,752) 83-ე ადგილი.

მსოფლიო ბანკმა 2017 წლიდან შეიმუშავა ახალი საზომი _ ადამიანისეული კაპიტალის ინდექსი, რომელიც ადამიანის განვითარების ინდექსისაგან განსხვავებით, ფოკუსირებულია უფრო მეტად მომავალი თაობის განათლებაზე, ჯანდაცვასა და შრომის მწარმოებლურობაზე. იგი ზომავს ადამიანისეული კაპიტალის მოცულობას, რომელიც დაკავშირებულია დღეს დაბადებული ბავშვის საშუალო სკოლის დამთავრებამდე განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის რისკებთან ქვეყანაში, სადაც იგი დაიბადა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი გვიჩვენებს მომავალი თაობის შრომის მწარმოებლურობას სრულყოფილი განათლებისა და ჯანდაცვის იდეალური დონის პირობებში. 2018 წელს ადამიანისეული კაპიტალის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩველებლები ჰქონდათ: საფრანგეთს (0,88), სამხრეთ კორეას (0,84), იაპონიას (0,84), ჰონგკონგს (0,82), ფინეთს (0,81), ირლანდიას (0,81), ავსტრალიას (0,80), ჰოლანდიას (0,82), კანადას (0,82), საქართველო ამ მაჩვენებლის მიხედვით 61-ე (0,61), აზერბაიჯანი 69-ე (0,60), სომხეთი კი 78-ე (0,57) ადგილზეა (9). იაპონიის ადამიანისეული კაპიტალის ფორმირების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა საგანმანათლებლო სისტემის განვითარებასა და სრულყოფას. ამჟამად ეს სისტემა იაპონიაში შემდეგი შემადგენელი ელემენტების სახით წარმოგვიდგება: 1. საშუალო განათლება, რომელიც იყოფა 3 დონედ: დაწყებითი, საშუალო და უფროსი სკოლები; 2. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები თავისი 4 დონით: უნივერსიტეტები, პროფესიული კოლეჯები, სპეციალური მომზადების უმაღლესი სკოლები, დიპლომისშემდგომი სწავლების ორგანიზაციები. ქვეყანაში სავალდებულოდ ითვლება დაწყებითი და საშუალო განათლების მიღება, რომელიც უფასოა. ყველა საშუალო განათლების მქონე სწავლას აგრძელებს უფროს სკოლებში, მათი ნახევარი კი _ უმაღლეს სასწავლებლებში.

საერთო ჯამში, იაპონიაში ყველა დონის განათლების მისაღებად საჭიროა 18 წელი მაშინ, როდესაც რუსეთში იგი უდრის 15 წელს, აშშ-ში, გერმანიასა და საფრანგეთში _ 16, ჩინეთში კი 14 წელს [3]. სწავლის პროცესში, მოსწავლის ინტელექტუალური უნარის გამოვლინების საფუძველზე, განისაზღვრება მისი პროფესიული ვარგისიანობის დონე. გამოცდილების შედეგებზე დაყრდნობით, მოსწავლეს ექმნება გარკვეული წარმოდგენა თავისი სწავლის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ.

ასეთი მძლავრი საგანმანათლებლო სისტემის შენახვაზე იაპონია ხარჯავს არცთუ ისე დიდ სახსრებს (მშპ-ს 3,8%) მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი რუსეთში არის 4,1%, გერმანიაში – 5,1, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში – 5,6, საფრანგეთში _ 5,9%. სადღეისოდ იაპონიაში უმაღლესი განათლებით მოსახლეობის მოცვის პროცენტი საკმაოდ მაღალია და იგი სისტემატური ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ქვეყანაში 60 წლის ასაკის მოსახლეობის ჯგუფში დიპლომის მქონე პირთა რაოდენობა შეადგენს 35%-ს, 50 წლის ასაკის _ 45, 40 წლის ასაკის _ 55, ხოლო 30 წლის ასაკის ჯგუფში _ 50%. განათლების დონის მიხედვით, იაპონიას მსოფლიოში უკავია ლიდერის პოზიცია (48,2%) და ჩამორჩება მხოლოდ კანადას (53,6%) და ისრაელს 148%, წინ უსწრებს ლუქსემბურგსა (45,2%) და სამხრეთ კორეას (44,6%) [2].

ადამიანისეული კაპიტალის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების გაღრმავებას, რაზედაც განვითარებული ქვეყნების მიერ იხარჯება დიდძალი ფინანსური სახსრები. 2018 წლის მონაცემებით, იაპონიაში მეცნიერების განვითარების დანახარჯებმა შეადგინა 168,62 მლრდ დოლარი და იგი ამ მაჩვენებლით იმყოფებოდა მსოფლიოში მესამე ადგილზე, აშშ–ს (511,1 მლრდ) და ჩინეთის (451,2 მლრდ) შემდეგ, ხოლო წინ უსწრებდა გერმანიას (118,5 მლრდ), კორეის რესპუბლიკას (79,4 მლრდ), საფრანგეთს (62,2 მლრდ), ინდოეთს (50,1 მლრდ), დიდ ბრიტანეთს (47,2 მლრდ აშშ დოლარი). მეცნიერებასთან ერთად, იაპონიის მთავრობის სერიოზული ყურადღების საგანს წარმოადგენს საინჟინრო, საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების შემდგომი გაღრმავება-გაფართოება.
იაპონიაში ადამიანისეული კაპიტალის ფორმირებისა და გამოყენების მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯანდაცვის განვითარება და სრულყოფა, რაზედაც იხარჯება ქვეყნის მშპ-ს 8,1%. ქვეყანას აქვს სამედიცინო მომსახურების სისწრაფის მაღალი დონე – ავადმყოფის მიღების საშუალო დრო შეადგენს 6 წუთს, აშშ-ში კი იგი 20 წუთია, რაც მიიღწევა მოსახლეობის ექიმებით უზრუნველყოფის, მათი კვალიფიკაციის, სამედიცინო დაწესებულებების ტექნიკური აღჭურვილობისა და საქმიანობის ორგანიზაციის მაღალი დონით, ქვეყანაში დაავადების დაბალი დონითა და მათი მკურნალობის `ნაკლებაგრესიული~ მეთოდებით.

საერთოდ კი, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ზრდა უნდა შეფასდეს, ერთი მხრივ, როგორც დადებითი მოვლენა, რაც მიგვანიშნებს სახელმწიფოს მიერ ხალხის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ზრუნვაზე, მეორე მხრივ, იგი მიგვითითებს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესებაზე, იმაზე, რომ ადამიანებს უფრო ხშირად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება. აქ მთავარია, თუ როგორია ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების სტრუქტურა. სასურველია მთლიან დანახარჯებში გამაჯანსაღებელი, საკურორტო-სანიტარულ და პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე გაწეული დანახარჯების წილის ზრდა, დაავადებათა მკურნალობაზე გაწეულ დანახარჯებთან შედარებით. როცა პირიქითაა, ეს უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანისეული კაპიტალის დაგროვებაზე და ზოგჯერ იწვევს მის დანაკარგებსაც კი.

ამჟამად იაპონიაში მოქმედებს სამედიცინო დაზღვევის ორი სისტემა: 1. ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული სისტემა, რომელიც აერთიანებს წვრილ მეწარმეებსა და მათი ოჯახის წევრებს, ინვალიდებსა და სხვა; 2. დაქირავებულ პირთა დაზღვევის სისტემა, რომელიც არის ყველაზე მსხვილი და მოიცავს ყველა დაქირავებულ მუშაკსა და მათ კმაყოფაზე მყოფ პირებს. დაზღვევა, ექიმისა და სამკურნალო დაწესებულების შერჩევისას, არავითარ შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. დადგენილია პაციენტთა წილობრივი მონაწილეობა 10-დან 30%-ის ფარგლებში, ხოლო გადასახადის ზედა ზღვარი საშუალო შეძლების მქონე ოჯახზე თვეში 677 დოლარი [5].

იაპონური ადამიანისეული კაპიტალის კრეატიულობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია მოსახლეობის კულტურული თავისებურებები და სპეციფიკური ეროვნული მენტალიტეტი, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მართვის უნიკალური იაპონური სისტემის შექმნას, რომელიც დღემდე ითვლება ერთ-ერთ მოწინავე სისტემად მთელ მსოფლიოში. სწორედ ადამიანისეული ფაქტორის მაქსიმალურ გამოყენებასა და ეროვნულ მენტალიტეტში უნდა ვეძიოთ იაპონური მენეჯმენტის წარმატებისა და მაღალი ეფექტიანობის მთავარი მიზეზი. იაპონელებს ძალიან ძლიერად აქვთ განვითარებული მოვალეობის გრძნობა, ისინი არიან ძალზე მომთმენები, დისციპლინირებული და პუნქტუალურები, აქვთ უნარი იმუშაონ დიდხანს და მაქსიმალურად ეფექტიანად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა. ისინი არიან ძალზე კეთილსინდისიერები და გულისხმიერნი, მაგალითად, როცა იაპონელი დროზე ადრე ამთავრებს სამუშაოს, სახლში კი არ მიდის, არამედ ეხმარება თავის კოლეგას. იაპონელები ერთგულები არიან კომპანიისა, სადაც ისინი მუშაობენ, დარწმუნებულნი იმაში, რომ თუ ისინი კარგად იმუშავებენ, ხელს შეუწყობენ კომპანიის უკეთ ფუნქციონირებას, რაც სათანადოდ აისახება მათს ხელფასებსა და პრემიებში.

იაპონური ადამიანისეული კაპიტალის კრეატიულობაზე მეტყველებს მოსახლეობის შემოსავლების დიფერენციაციის დაბალი დონეც. ხელმძღვანელისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი პირის ხელფასები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც კი არ ამწვავებს ურთიერთობებს შრომით კოლექტივში, არამედ ზრდის მუშაკთა დაინტერესებას, იმუშაონ მაქსიმალური ძალისხმევით, რაც ხელს უწყობს შრომის მწარმოებლურობისა და წარმოების ეფექტიანობის ამაღლებას. გაეროს მონაცემებით, ქონებრივი განშრევების კოეფიციენტი იაპონიაში არის მხოლოდ 4,5, საფრანგეთში კი 9,1, დიდ ბრიტანეთში – 13,8, აშშ-ში – 15,9, ჩინეთში – 21,8 [2].

ადამიანისეული კაპიტალის კონცეფციაზე დაფუძნებული შრომითი რესურსების მართვის იაპონური მოდელი, საბაზრო ეკონომიკის მოდელის მსგავსად, კომპანიის ხელმძღვანელობის გარე სამყაროსთან კავშირის დამყარებას ორი ინსტრუმენტით _ სამუშაო ძალითა და ტექნოლოგიებით გულისხმობს. ხელმძღვანელს შეუძლია, მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში, დიდი რაოდენობით დაიქირაოს სამუშაო ძალა, ხოლო მოთხოვნის შემცირებისას ის ვერ გამოიყენებს საჯარიმო სანქციებისა და სამუშაოდან დათხოვნის სისტემას. Oმის შემდგომ პერიოდში სამუშაო ძალის დიდმა დეფიციტმა და ამ პირობებში მუშაკთა შენარჩუნების აუცილებლობამ განაპირობა კადრების შერჩევის ძველი მეთოდის გაუქმება და მის ნაცვლად ახალი მექანიზმის _ საგანმანათლებლო დიპლომების რანჟირების შემოღება. ასეთ ვითარებაში ახალგაზრდობა ცდილობს, მიიღოს მაღალრანჟირებული განათლება ტოკიოს, ჰარვარდისა და სხვა მაღალი რეიტინგის უნივერსიტეტებში. თავის მხრივ, ფირმები ისწრაფვიან სამუშაოდ მიიზიდონ ასეთი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები.

გასული საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა `იაპონური სასწაულის~ ცნება, რაშიც იგულისხმება ელვისებური გარდაქმნები, რომელიც იაპონიის ეკონომიკაში განხორციელდა. ეკონომიკური გარდაქმნების პროცეში, დროის შედარებით მოკლე პერიოდში, ქვეყანამ მართლაც რომ სასწაულის მოხდენა შეძლო სამ ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით. ეს ფაქტორებია: `სიცოცხლის მანძილზე~ შრომითი მოწყობა, თანამდებობრივი სუბორდინაცია და მეწარმეობის ერთიანობა.

განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის გარდაქმნის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოტივაციის იაპონურ სისტემას, რომელიც ხელსაყრელია როგორც დაქირავებულების, ისე სამუშაოს მიმცემთათვის, რაც საფუძველს ქმნის მათ შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და, რაც ძალზე დადებით გავლენას ახდენს როგორც კომპანიის საწარმოო-ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, ისე დაქირავებულ მუშაკთა მატერიალური კეთილდღეობის ზრდაზე. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს იაპონიის საფინანსო-ეკონომიკური და სოციალური კლიმატის განვითარებასა და სრულყოფას. იაპონურ პირობებსა და ეროვნულ ფსიქოლოგიას მორგებული მენეჯმენტის სისტემა პრაქტიკულად მუშაობს უზადოდ როგორც ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის პერიოდებში, ისე მისი შენელებული ზრდის დროს.

იაპონური კომპანიები დიდ ყურადღებას უთმობენ შრომით კოლექტივებში ნდობითი ურთიერთობების შექმნასა და განმტკიცებას. ნდობა წარმოშობს საპასუხო ნდობას, რაც ადამიანებს აძლევს უკეთ მუშაობის სტიმულს. `კორპორაციული ერთიანობის~ ეფექტი მიიღწევა მართვის ვერტიკალში მუშებსა და მენეჯერებს შორის დისტანციის შემცირებით, რაც თავის ასახვას პოულობს გარეგნულ გამოვლინებასა და შიდაფირმულ ეტიკეტში. იაპონელ მენეჯერებს სამსახურში არ აქვთ ცალკე კაბინეტები, სასადილოები, ავტოსადგომები, ისეთივე უნიფორმას ატარებენ, როგორსაც მუშები, არიან თანაბარნი და ერთნაირად ძლიერად არიან მშობლიურ კომპანიაზე დამოკიდებულნი. იაპონური მენეჯმენტის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ფირმების პატერნალური დამოკიდებულება თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. როცა მუშაკი სამუშაოდ მიდის კომპანიაში, ის აქ თავს გრძნობს, როგორც საკუთარ ოჯახში. ასეთ ვითარებაში ყველა თანამშრომელი ზრუნავს კომპანიის კეთილდღეობაზე, რაზედაც კომპანია თავის თანამშრომლებს ასეთივე დამოკიდებულებით პასუხობს, რაც მისაღებია ორივე მხარისთვის.

ადამიანისეული კაპიტალის მართვის იაპონური კონცეფციის არსი მდგომარეობს კაპიტალდაბანდებების ზრდის უპირობო მხარდაჭერაში, რომელიც მოწოდებულია სამუშაო ძალის მოზიდვის, მისი შრომისუნარიანობის შენარჩუნების, სწავლებისა და უნარ-ჩვევების სრულად გამოვლინების, მუშაკთა მატერიალური და მორალური წახალისებისთვის.

დასკვნა

იაპონია საუკეთესო მაგალითია ქვეყნისა, რომელმაც ადამიანისეული კაპიტალის განვითარების საფუძველზე, მწირი ბუნებრივი რესურსებისა და ისტორიულად მოკლე პერიოდის მანძილზე, არნახულ წარმატებებს მიაღწია ეკონომიკური გარდაქმნებისა და ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში. მან ეს უზრუნველყო საგანმანათლებლო სისტემის რადიკალური გარდაქმნის, ფუნდამენტური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების გაღრმავება-გაფართოების, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის განვითარებისა და სრულყოფის, ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდისა და მათი მიზანდასახული გამოყენების საფუძველზე. ქვეყანამ შექმნა ადამიანისეული კაპიტალისა და, ზოგადად, ეკონომიკის მართვის უნიკალური სისტემა, რომელიც დღემდე ითვლება ერთ-ერთ მოწინავე სისტემად მთელ მსოფლიოში და რომელიც პრაქტიკულად, უზადოდ მუშაობს როგორც ეკონომიკის აღმავლობის, ისე მისი შენელებული ტემპებით განვითარების პირობებში. ამ საქმეში მისი მდიდარი გამოცდილების გაანალიზებასა და გამოყენებას ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომლებიც ახლა გადადიან ადამიანისეული კაპიტალის კონცეფციაზე დაფუძნებული ახალი ტიპის ეკონომიკაზე. ამასთან, სხვა ქვეყანაში მისი კოპირება და პირდაპირი გადატანა შეუძლებელიცაა და მიუღებელიც. ამ დროს საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ქვეყნის ისტორიული, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ტრადიციები და თავისებურებები; ბუნებრივი და შრომითი რესურსების რაოდენობა და მათი ათვისების დონე; ეკონომიკური განვითარების, დანაზოგებისა და ინვესტიციების მიღწეული დონე; ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ხარისხი; ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე მოქმედი საგარეო, საშინაო და სხვა ფაქტორები.

გამოყენებული ლიტერატურა

1. თსუ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. XI, თბ., 2018.

2. Касаева Т. и др., Креативный человеческий капитал в Японии, 2017. https://irrоn.ru/articles/

3. Касимханов М., Роль человеческого капитала в экономике Японии, 2016. https://irrоn.ru/articles/

4. Как улучшить человеческий капитал, 2016. https://softblog.am/post/

5. Мусаелян А., Особенности формирования человеческого капитала в аспекте здоровья на примере Японии, 2016. https://irrоn.ru/articles/

6. Седальщев С. Инвестиции в человеческий капитал, 2016.

https://allbest.ru/otherrterats/economy/00208919_0.htin/

7. Татулов В., Японская и Американская модели управления человеческим капиталом в диверсифицированных холдингах. https://cyberlenika.ru/article/n/

8. Японская модель управления человеческими ресурсами. https://stugoredia.ru/2_127499

9. https://www.worldbank.org/en/data/interactive/2018/10/18/human-capital-index-and-components-2018